ყავა არაბიკა რობუსტა ყავის მაღაზია ლიბერიკა ყავის მარცვალი

არაბიკა და რობუსტა: რა აქვთ საერთო და რით განსხვავდებიან?

ალბათ ყველას, ვინც დილით თითო ფინჯან ყავას მივირთმევთ (მეტს თუ არა), გაგვიგია, რომ ჩვენ სურნელოვან სასმელში ან არაბიკას მარცვალია მხოლოდ, ან არაბიკა - რობუსტას ნაზავი ან იშვიათად, ექსტრემალური გემოების მოყვარულები, მხოლოდ რობუსტას მიირთმევენ.

საინტერესოა იმის გაგებაც, თუ რა განსხვავებაა ამ ორ მარცვალს შორის, როგორ ამდიდრებს ერთი თუ მეორე ჩვენ საყვარელ სასმელს და იყენებენ თუ არა ყავაში სხვა ყავის მარცვალსაც ამ ორი, მსოფლიოში განთქმული  ნაირსახეობის გარდა.


არაბიკა

არაბიკა მსოფლიოს ყავის წარმოების 62% შეადგენს და ამ ყავის მარცვლებს  შედარებით მაღალ სიმაღლეზე თუ შევხვდებით. 1000 მეტრდან და ზემოთ გრილი, ოდნავ ნოტიო და დაჩრდილული ადგილები საუკეთესო გარემოა არაბიკის კომპლექსური პალიტრის  გამოსავლენად. თუმცა ამ პირობებში ყავის კულტივაცია ბევრად უფრო რთულია ვიდრე დაბლობში, ცხელ და მაღალტენიან ტროპიკებში. ეთიოპია, კოლუმბია და ცენტრალური ამერიკის ქვეყნები საუკეთესო არაბიკის ადგილწარმოშობად ითვლება, ზუსტად თავიანთი ადგილმდებარეობის გამო.

არაბიკას მარცვლები გამოირჩევა გამოხატული მჟავიანობით და მრავალფეროვანი გემოს ნაზავით: ხილი, კენკრა და ზოგჯერ თაფლის ტონებიც ახასიათებს ამ უჩვეულო მარცვალს.

კოფეინის შემცველობაც თითქმის 2-ჯერ უფრო დაბალია ვიდრე რობუსტას მარცვალში, რაც ამ მარცვლისგან დამზადებული ყავის ხავერდოვან გემოშიც აისახება.

ზუსტად ამ გამორჩეული ელეგანტურიბის გამო, ყავის ბაზარზე არაბიკას ფასი მნიშვნელოვნად მაღალია ვიდრე რობუსტასი. ამავდროულად არაბიკა შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი იყოს, რაც მეტწილად დამოკიდებულია არაბიკის მარცვლის ადგილწარმოშობაზე.

რობუსტა

არაბიკას დელიკატური ხასიათის საპირწონედ რობუსტა საკმაოდ ძლიერი და ენერგიული მარცვალია. რობუსტა ძირითადად დაბლობზე ხარობს და ცხელ ტროპიკულ კლიმატში ძალიან კარგად გრძნობს თვას.

კოფეინის შემცვლობაც 2 ჯერ უფრო მაღალია რობუსტაში და დილის გამომაფხიზლებელ  სიმძაფრეს და ოდნავ  სიმწარეს, რომელსაც ველით ყავისგან ზუსტად რობუსტა განაპირობებს.

რობუსტას თითქმის არ ახასიათებს მჟავიანობა და პალეტში უფრო მიწის თუ ხის ნოტებია გამოხატული.

იმის გამო რომ რობუსტას მარცვლის მოყვანაც და მოვლაც ბევრად უფრო ადვილია ვიდრე არაბიკის მარცვლის, ფასიც შესაბამისად უფრო დაბალი აქვს და უფრო ხელმისაწვდომიცაა. ვიეტნამი, ინდოეთი და ინდონეზია რობუსტას ძირითადი ექსპორტიორები არიან.  

არაბიკას მარცვალი (მარცხნივ) და რობუსტას მარცვალი (მარჯვნივ) 

სხვა მარცვლები

გარდა ამ ორი მარცვლისა კიდევ არსებობს სხვა, ნაკლებად ცნობილი ყავის მარცვლის ნაირსახეობები როგორიცაა ლიბერიკა და ექსელსა. ორივე ერთად ყავის ბაზრის მხოლოდ 1 % შეადგენს, თუმცა ბოლო დროს ეს ორი მარცვალი სულ უფრო პოპულარული ხდება და არ არის გასაკვირი თუ. მომავალში ამ მარცვლებისგან დამზადებული ყავაც შესაფერის ადგილს დაიკავებს ყავის მოყვარულების მენიუში.

100% არაბიკას თუ არაბიკა-რობუსტას ნაზავის დასაგემოვნებლად შემოიხედეთ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში და დაათვალიერეთ Cafés Richard -ის ყავების კოლექცია საქართველოში.

ბლოგზე დაბრუნება